უფასო მიწოდება 300.00₾-ზე მეტ შეკვეთაზე იხილეთ პროდუქცია

Loading...
logo

აღმოაჩინე

პროდუქტებიგამოყენების შემთხვევებიჩვენს შესახებ

იურიდიული

მომსახურეობის პირობებიკონფიდენციალურობის პირობებიდაბრუნების პირობები

კონტაქტი

დახმარებადაგვიკავშირდით

© 2026 Argia Trading LLC. ყველა უფლება დაცულია

Kwik Smart - Shelly Warranty

კომერციული საგარანტიო პირობები

(ბოლო განახლება: 26.08.2025)

ზოგადი ნაწილი

წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს Shelly-სა და Loqed-ის ბრენდის შერჩეული მოწყობილობების საგარანტიო პირობებს („გარანტია“).

ამ პირობებით გათვალისწინებულ გარანტიას გასცემს Shelly Europe Ltd., რეგისტრირებული ბულგარეთის რესპუბლიკის სარეგისტრაციო სააგენტოს კომერციულ რეესტრში (საიდენტიფიკაციო კოდი UIC: 202320104), იურიდიული მისამართი: ქ. სოფია, 1407, ჩერნი ვრახის ბულვარი №51, შენობა 3, მე-2 და მე-3 სართულები.

წინამდებარე გარანტია ვრცელდება მხოლოდ საბოლოო მომხმარებლებზე — პირებზე[1], რომლებიც საგარანტიო მოწყობილობებს პირადად და საბოლოოდ იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის („მომხმარებელი“).

ეს საგარანტიო პირობები მოქმედებს მთელ მსოფლიოში.

ეს საგარანტიო პირობები ვრცელდება მხოლოდ წინამდებარე დოკუმენტის დანართ №1-ში მითითებულ შერჩეულ მოწყობილობებზე („საგარანტიო მოწყობილობები“).

წინამდებარე დოკუმენტით მინიჭებული გარანტია წარმოადგენს ნებაყოფლობით კომერციულ გარანტიას. იგი მომხმარებელს ანიჭებს დამატებით უფლებებს და გავლენას არ ახდენს კანონმდებლობით მინიჭებულ ძირითად უფლებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებული მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით.

საგარანტიო ვადები:

თითოეული მოწყობილობის საგარანტიო ვადა მითითებულია ქვემოთ მოცემულ დანართ №1-ში.

საგარანტიო ვადის ათვლა იწყება საგარანტიო მოწყობილობის შეძენის დღიდან, როგორც ეს მითითებულია შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტებში (ინვოისი / მიწოდების დოკუმენტი).

საგარანტიო პირობები:

გარანტიის მოქმედების ფარგლები

ეს გარანტია ფარავს ფიზიკური კომპონენტის (აპარატურული უზრუნველყოფა / hardware) ან/და ციფრული ელემენტის (პროგრამული უზრუნველყოფა / firmware) ნებისმიერ შეუსაბამობას, რომელიც არსებობდა საგარანტიო მოწყობილობის გაყიდვის მომენტში ან გამოვლინდა შესაბამისი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

ეს გარანტია ვრცელდება აპარატურულ ნაწილზე — კორპუსის, მექანიკური ნაწილებისა და ეკრანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთობლიობაზე — და არ ფარავს სახარჯ მასალებს (ელემენტი/აკუმულატორი) და აქსესუარებს იმ ფარგლებში, რამდენადაც ისინი ექვემდებარება ცვეთას (მათი ექსპლუატაციის ვადის შემცირებას) გამოყენების ინტენსივობიდან გამომდინარე.

მხოლოდ მომხმარებელია უფლებამოსილი წარადგინოს საგარანტიო პრეტენზია მოწყობილობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, არ განვიხილოთ ან უარვყოთ პრეტენზია საგარანტიო მოწყობილობის შეუსაბამობის თაობაზე, თუ იგი წარმოდგენილია პირის მიერ, რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია ან/და რომელსაც შესაბამისი შესყიდვის დოკუმენტის წარდგენით არ შეუძლია დაადასტუროს, რომ ნამდვილად წარმოადგენს საგარანტიო მოწყობილობის შემძენ მომხმარებელს.

საგარანტიო მომსახურება

წინამდებარე გარანტიის პირობების გათვალისწინებით, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში Shelly, საკუთარი შეხედულებისამებრ და კანონით დაშვებულ ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) საგარანტიო მოწყობილობის შეკეთებას შესაძლებლობის შემთხვევაში (მათ შორის დისტანციური წვდომის მეთოდით); ან

ბ) უსასყიდლო ჩანაცვლებას (გარდა ტრანსპორტირებასთან, დემონტაჟსა თუ პროდუქტის მონტაჟთან დაკავშირებული ხარჯებისა);

შეკეთებული ან ჩანაცვლებული ნივთის საგარანტიო ვადა განისაზღვრება თავდაპირველი პროდუქტის დარჩენილი საგარანტიო ვადით ან უფრო ხანგრძლივი ვადით, თუ ამას მოითხოვს მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა.

ჩანაცვლება:

ჩანაცვლება ხორციელდება პროდუქტის ჩანაცვლების ვაუჩერის (Product Replacement Voucher) გაცემით, ვებგვერდზე www.shelly.com ჩასანაცვლებელი პროდუქტის შესაძენად. ჩანაცვლება განხორციელდება გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, გონივრულ ვადაში ვალიდური საგარანტიო

მოთხოვნის მიღების დღიდან.

საგარანტიო მოწყობილობის ჩანაცვლებისას საგარანტიო ვადის დინება შეჩერდება ჩანაცვლების პროცესის განმავლობაში და გაგრძელებულად ჩაითვლება ჩანაცვლების ვადით.

შეკეთება:

მოწყობილობის შეკეთება განხორციელდება გონივრულ ვადაში ვალიდური საგარანტიო მოთხოვნის მიღების დღიდან და დისტანციური წვდომის მეთოდით, რა დროსაც მომხმარებელს ეთხოვება თანხმობა, რათა Shelly-მ ან/და მისმა წარმომადგენელმა დისტანციურად მიიღოს წვდომა პროდუქტზე;

პროდუქტის ჩანაცვლების ვაუჩერები:

გაიცემა უფასოდ და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს ჩასანაცვლებელი პროდუქტი Shelly Europe Ltd.-ის ოფიციალურ ვებგვერდზე www.shelly.com უფასო მიწოდების პირობით.

განკუთვნილია კონკრეტულად იმ საგარანტიო მოწყობილობის ჩასანაცვლებლად, რომელზეც დაფიქსირდა მომხმარებლის საფუძვლიანი პრეტენზია.

არ ექვემდებარება სხვა პირისთვის გადაცემას.

არ ექვემდებარება განაღდებას (თანხის ნაწილობრივ ან სრულ დაბრუნებას).

შემოიფარგლება მსგავსი ან ალტერნატიული მოწყობილობით ჩანაცვლებით მსგავსი ღირებულების ფარგლებში.

ერთსა და იმავე საგარანტიო მოწყობილობაზე ერთდროულად შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი ვაუჩერი. თუ ვაუჩერი სრულად არ არის გამოყენებული, სხვაობა არ ანაზღაურდება. თუ შეკვეთის ღირებულება აღემატება ვაუჩერის ღირებულებას, მომხმარებელმა უნდა დაფაროს სხვაობა.

ვაუჩერების გაერთიანება სხვა ვაუჩერებთან შეუძლებელია. ვაუჩერების გამოყენება შეზღუდულია სარეკლამო კამპანიების დროს, ასევე გარკვეული აქციაში მონაწილე პროდუქტების შეძენისას, მაშინაც კი, თუ ეს პირდაპირ არ არის მითითებული შესაბამისი ფასდაკლების/აქციის/კამპანიის პირობებში. საჭიროების შემთხვევაში, ვაუჩერის მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება სარეკლამო კამპანიის ხანგრძლივობით.

ვაუჩერი მოქმედებს გაცემის დღიდან ერთი თვის განმავლობაში. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ გამოიყენებთ ვაუჩერს სრულად ან მისი მოქმედების ვადაში.

პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები (Firmware Updates):

თუ განახლებები აუცილებელია საგარანტიო მოწყობილობის გამართული ფუნქციონირების შესანარჩუნებლად (მათ შორის უსაფრთხოების განახლებები საგარანტიო პერიოდის განმავლობაში), ჩვენ განახლებებს მოგაწვდით უფასოდ, მოწყობილობის ჩაშენებული ვებ-ინტერფეისის ან Shelly Cloud სერვისის მეშვეობით.

ხელმისაწვდომი პროგრამული განახლებების დაყენება თუ არდაყენება მომხმარებლის პირადი პასუხისმგებლობაა. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს საგარანტიო მოწყობილობის რაიმე შეუსაბამობაზე/გაუმართაობაზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ მოწოდებული განახლებების დაუყენებლობით.

საგარანტიო პრეტენზიები:

საგარანტიო პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს მისამართზე: https://support.shelly.cloud . ნებისმიერ საგარანტიო მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს: შესყიდვის ვალიდური დოკუმენტი (ქვითარი, ინვოისი, კურიერის მიერ გაცემული სატრანსპორტო დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეუსაბამობის დამადასტურებელი მტკიცებულება (მაგალითად, ფოტო ან ვიდეო, რომელიც ასახავს საგარანტიო ხარვეზს);

იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება წინამდებარე გარანტიით გათვალისწინებული მომსახურება, მომხმარებელმა უნდა მიმართოს Shelly-ს მხარდაჭერის გუნდს მისამართზე https://support.shelly.cloud და მიჰყვეს მოცემულ ინსტრუქციებს ან რჩევებს. შესაძლებლობის შემთხვევაში Shelly-მ შეიძლება გამოიყენოს დისტანციური წვდომის მეთოდი ნებისმიერი პრობლემის დიაგნოსტიკისთვის, რა დროსაც მომხმარებელს ეთხოვება თანხმობა, რათა Shelly-მ ან/და მისმა წარმომადგენელმა დისტანციურად მიიღოს წვდომა პროდუქტზე.

ამ გარანტიის ფარგლებში წარდგენილი მოთხოვნები ვალიდურია მხოლოდ:

საგარანტიო მოწყობილობის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას;

ფოტო/ვიდეო მასალით ან დისტანციური დიაგნოსტიკით დადასტურებული შეუსაბამობისას;

წინამდებარე საგარანტიო პირობებით დაფარული შესაბამისი საგარანტიო მოწყობილობის მოქმედი საგარანტიო ვადის ფარგლებში.

საგარანტიო მოთხოვნები, რომლებიც არ აკმაყოფილებს რომელიმე ან ყველა ამ მოთხოვნას, უარყოფილი იქნება.

გამონაკლისები:

საგარანტიო მოწყობილობა არ ჩაითვლება დეფექტურად მასალების ან დამზადების ხარისხის მხრივ იმ მიზეზით, რომ მას ესაჭიროება მოდიფიკაცია ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მოქმედ ეროვნულ ან ადგილობრივ ტექნიკურ ან უსაფრთხოების სტანდარტებთან ან/და ქსელის პარამეტრებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, გარდა იმ ქვეყნისა, რომლისთვისაც საგარანტიო მოწყობილობა თავდაპირველად დაპროექტდა და დამზადდა (როგორც ეს მითითებულია მოწყობილობაზე, ორიგინალ შეფუთვაზე ან/და მოწყობილობის ორიგინალ სახელმძღვანელოზე). წინამდებარე გარანტია არ ფარავს და არ ანაზღაურებს მსგავს მოდიფიკაციას, ისევე როგორც ნებისმიერ ზიანს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამის შედეგად.

ეს გარანტია არ ფარავს და ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფილი იქნება შემდეგ შემთხვევებში:

გაუმართაობა ან დაზიანება გამოწვეულია:

(i) ნებისმიერი მიზეზით, რომელიც არ უკავშირდება პროდუქტის წარმოებასა და დიზაინს (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე: ხანძარი, წყალი, დაუდევრობა, ვირუსები, არასათანადო გამოყენება და ა.შ.);

(ii) არასათანადო ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებით, არასწორი ტრანსპორტირებით, მონტაჟით, ექსპლუატაციით ან შენახვით (გადატვირთვა, მექანიკური დაზიანება, დარტყმა, ძალის გამოყენება, ტემპერატურის ზემოქმედება, ტენიანობა და სითხეები, მტვერი, საკვები, სასმელი, საგანი, მცენარე, ცხოველი, მწერი, ტოქსიკური ნივთიერებები ან სხვა ფაქტორები დასაშვებ ნორმებს მიღმა), როდესაც მოწყობილობის ასეთი გამოყენება, ტრანსპორტირება, მონტაჟი, ექსპლუატაცია ან შენახვა არ არის გათვალისწინებული, მიჩნეულია საფრთხის შემცველად ან ისეთად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის დაზიანება, მწარმოებლის გამოყენების, უსაფრთხოებისა და მოვლის ინსტრუქციების შესაბამისად;

(iii) პროგრამულ ან აპარატურულ ნაწილში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებით, რომელიც არ არის გათვალისწინებული ან

რეკომენდებული მწარმოებლის მიერ, ასევე არაუფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ნებისმიერი შეკეთებით;

(iv) დარტყმებით, მეხით, წყალდიდობით, ხანძრით ან სხვა გარე ზემოქმედებით, რომელიც ჩვენს კონტროლს მიღმაა;

(v) პროგრამული უზრუნველყოფის (firmware) გაუმართაობით ჰაკერული თავდასხმების, კომპიუტერული ვირუსის, ჩვენ მიერ რეკომენდებული განახლებების შეუსრულებლობის, პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლის ან მასში მანიპულაციის მცდელობის გამო;

(vi) მწარმოებლის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული ნებისმიერი სხვა რეკომენდაციისა და უსაფრთხოების ინსტრუქციის შეუსრულებლობით, რომლებიც თან ახლავს საგარანტიო მოწყობილობას ორიგინალი შეფუთვის შემადგენლობაში არსებული დოკუმენტაციის სახით.

შესყიდვის დოკუმენტებში არსებულ მონაცემებსა და საგარანტიო მოწყობილობას შორის შეუსაბამობის არსებობისას, ასევე დოკუმენტის გაყალბების ეჭვის შემთხვევაში (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე: შემთხვევები, როდესაც პროდუქტზე მოდელის, სერიული (IMEI) ან პროდუქტის ნომერი განზრახ შეცვლილია, წაშლილია, მოხსნილია ან გაურკვეველია);

შემთხვევები, როდესაც საგარანტიო მოწყობილობის კორპუსი გატეხილია ან აღენიშნება გახსნის კვალი;

შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს ეკრანის პანელის დაზიანებას;

შემთხვევები, როდესაც არსებობს რაიმე ტექნიკური პრობლემა ინტერნეტთან ან მობილურ ქსელთან დაკავშირებით (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე: სიგნალის არარსებობა ან სუსტი სიგნალი, სტაბილური და მუდმივი კავშირის უზრუნველსაყოფად შესაფერისი ტერმინალური მოწყობილობების არქონა);

შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი უარს აცხადებს Shelly-სთვის საგარანტიო მოწყობილობაზე დისტანციური წვდომის მიცემაზე, რაც აუცილებელია Shelly-ს მიერ წინამდებარე გარანტიით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად;

დეფექტები, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია ოფიციალური პროგრამული უზრუნველყოფის ან პროგრამული განახლებების დაყენებით, რომლებიც არ არის მოწოდებული Shelly-ს მიერ, თუმცა თავისუფლად ხელმისაწვდომია ბაზარზე; და

საკითხები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია Shelly-ს შეკეთების სტანდარტული მეთოდებით (დისტანციური ან ავტომატიზებული მართვა, მომხმარებლის მიერ დასაყენებელი ნაწილები), როდესაც მომხმარებელმა უარი თქვა ასეთი მეთოდების გამოყენებაზე გონივრული მიზეზის გარეშე.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა:

მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, წინამდებარე გარანტია წარმოადგენს მომხმარებლის ერთადერთ და ექსკლუზიურ უფლებდაცვის საშუალებას Shelly-ს წინააღმდეგ. Shelly არ აგებს პასუხს საგარანტიო მოწყობილობებთან დაკავშირებით წარმოშობილ რაიმე პირდაპირ თუ ირიბ ზიანზე. წინამდებარე გარანტიაში არაფერი გამორიცხავს Shelly-ს პასუხისმგებლობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომხმარებელთა წინაშე ჯანმრთელობის დაზიანების ან გარდაცვალების, თაღლითობის, განზრახი ქმედებების ან უხეში გაუფრთხილებლობისთვის, ან ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც Shelly-სთვის პასუხისმგებლობის გამორიცხვა უკანონო იქნებოდა მოქმედი ეროვნული ან ევროპული კანონმდებლობით. რამდენადაც Shelly-ს პასუხისმგებლობა გამორიცხულია ან შეზღუდულია, ეს ასევე ვრცელდება მის თანამშრომლებზე, პერსონალზე, წარმომადგენლებსა და აგენტებზე. მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, Shelly არ აგებს პასუხს მომსახურების შეფერხებაზე იმის გამო, რომ Shelly-ს ან მის აგენტებს, თანამშრომლებს თუ კონტრაქტორებს დაუგვიანდათ, ხელი შეეშალათ ან დაბრკოლება შეექმნათ წინამდებარე გარანტიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მათ გონივრულ კონტროლს მიღმა არსებული ნებისმიერი გარემოების გამო.

წინამდებარე გარანტია გავლენას არ ახდენს ნასყიდობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მომხმარებლისთვის მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებულ კანონიერ უფლებებზე.

ცვლილებები:

წინამდებარე საგარანტიო პირობები შეიძლება ცალმხრივად შეიცვალოს Shelly-ს მიერ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ან თუ ცვლილებები განპირობებულია ძალაში შესული სამართლებრივი აქტებით, თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ასეთი ცვლილებები ძალაში შედის დაუყოვნებლივ და სავალდებულო ხდება თქვენთვის ჩვენს ვებგვერდზე (www.shelly.com) გამოქვეყნების დღიდან. ცვლილებებს შესაძლოა ჰქონდეს უკუქცევითი ძალა. თქვენ, თქვენივე პასუხისმგებლობით, რეგულარულად უნდა გაეცნოთ ამ პირობებს და ინფორმირებული იყოთ ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

შესახებ.

ეს საგარანტიო პირობები ძალაშია 2024 წლის 30 მაისიდან და ვრცელდება აქ მითითებულ საგარანტიო მოწყობილობებზე, რომლებიც შეძენილია როგორც ზემოთ მითითებული ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ, ისე მანამდე — მათი შეძენის დღიდან.

დანართი №1

№ საგარანტიო მოწყობილობა საგარანტიო ვადა
1. Shelly Gen 1 მოწყობილობები 2 წელი
2. Shelly X 2 წელი
3. Shelly Wall Display-ები 2 წელი
4. Powered by Shelly მოწყობილობები 2 წელი
5. Shelly აქსესუარები 2 წელი
6. LOQED Touch Smart Lock (მოწყობილობის ელემენტების გარეშე) 2 წელი
7. LOQED Touch Smart Lock შავი გამოცემა (მოწყობილობის ელემენტების გარეშე) 2 წელი
8. Shelly Gen 2 მოწყობილობები 3 წელი
9. Shelly Gen 3 მოწყობილობები, mini მოწყობილობები 3 წელი
10. Shelly Gen 4 მოწყობილობები, mini მოწყობილობები 3 წელი
11. Shelly Plus მოწყობილობები 3 წელი
12. Shelly Wave მოწყობილობები 3 წელი
13. Shelly Pro მოწყობილობები 5 წელი
14. Shelly Wave Pro მოწყობილობები 5 წელი

ეს საგარანტიო პირობები ასევე ვრცელდება Shelly-ს B2B კლიენტებზე (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე: რითეილერები, საბითუმო მოვაჭრეები, დისტრიბუტორები ან სხვა პირები, რომლებიც ახორციელებენ Shelly-ს მოწყობილობების გადაყიდვას), გარდა სექციებისა „საგარანტიო პრეტენზიები“ და „საგარანტიო მომსახურება“, სადაც გამოიყენება Shelly-სა და შესაბამის B2B კლიენტს შორის შეთანხმებული ბიზნესვალდებულებები და პროცედურები.